თუ თქვენ ეკონომიურად, ანუ მომჭირნედ ცხოვრება გადაწყვიტეთ, კარგი იქნება უფრო დეტალურად გაეცნოთ იმ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასურველი მიზნის მიღწევაში.

პირველ რიგში, უმჯობესია, მცირეოდენი განმარტება გავაკეთოთ მომჭირნეობის შესახებ იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც ეს ტერმინი და ამ ტიპის ცხოვრება სიახლეს წარმოადგენს. ეკონომიის გაკეთება, ნებისმიერ ადამიანს, საშუალებას აძლევს შეინახოს, თუნდაც მცირეოდენი თანხა, სამომავლოდ. არ აქვს მნიშვნელობა შემდგომში რისთვის გამოიყენებს მას, მთავარია სწორად გაანაწილოთ თქვენი რესურსები, რომ არც თქვენ დაზარალდეთ და ამასთანავე შეძლოთ ეკონომიის გაკეთება.
ეკონომია არასოდეს გააიგივოთ მსხვერპლის გაღებასთან ან აკრძალვასთან. პირიქით, თუ თქვენ გაქვთ უნარი მომჭირნედ იცხოვროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით და შეძლებთ თქვენი ცხოვრებისეული მიზნებისა და ოცნებების ასრულებას.

დაიმახსოვრეთ, ეკონომიურად ცხოვრება ნიშნავს სწორ ფინანსურ მენეჯმენტს.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ზუსტადა და სწორად გავანაწილოთ ჩვენი როგორც ფინანსური, ასევე დროითი რესურსები? ბევრი ფინანსისტი და ფსიქოლოგი გვთავაზობს თავის მოსაზრებასა და მაგალითებს ამ მიზნის მისაღწევად და თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მათგანს აირჩევთ.
მზად ხართ გამოწვევისათვის? მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში.

თუ თქვენ სტუდენტი ბრძანდებით და ყოველდღიურად გესაჭიროებათ ისეთი სახელმძღვანელოები და ლიტერატურა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებთ ასეთი წიგნების ყიდვისგან და შეეცდებით დაუმეგობრდეთ ბიბლიოთეკას, სადაც იგივე წიგნები, სრულიად უსასყიდლოთ შეგიძლიათ მიიღოთ დროებით სარგებლობაში. მართალია ეს ვერ დაზოგავს თქვენ დროს, თუმცა ფინანსებს საკმაოდ საგრძნობლად დაეტყობა თქვენი მცდელობა.

საინტერესო და ძალზე სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის რეგულარული შემოწმება. პირველ რიგში ამაში იგულისხმება ფასდაკლების კუპონები ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე. ასევე, სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლებსაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან რაიმე დღესასწაულზე შეიძლება გვთავაზობდნენ კომპანიები.

*რეკლამა

ადამიანთა იმ კატეგორიამ, რომელსაც გარეთ ჭამა უყვარს და ნაკლებად ცდილობს სახლში მოამზადოს სადილი, უმჯობესია ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეამციროს ასეთი გასვლითი სადილების რიცხვი. თქვენ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეთ რამხელა ფინანსური რესურსის დაზოგვაა შესაძლებელი, თუკი ამ ჩვევას დაივიწყებთ. ამასთანავე, ეს პირველ რიგში თქვენი ჯანმრთელობისთვის იქნება საუკეთესო საჩუქარი. სახლში მომზადებული ჯანსაღი საკვები ხომ გაცილებით სასარგებლო და ნოყიერია.

კიდევ ერთი საშუალება ფინანსები საკონტროლებლად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ განსაზღვრული, ყოველთვიური გადასახადები, იქნება ეს რაიმე ტიპის სესხი, კომუნალური გადასახადები თუ სხვა, უმჯობესია თქვენ საბანკო ანგარიშზე დააყენოთ ავტომატური, ონლაინ გადახდის სისტემა. ეს საშუალებად მოგცემთ ყოვეთვიურად, დროულად დაფაროთ არსებული ფინანსური ვალდებულებები და არ მოგიწიოთ დამატებით სხვადასხვა საჯარიმო სანქციების საფასურის გადახდა ვადის გადაცილებისათვის.

თუ მანქანის მფლობელი ხართ, თანხის დაზოგვაში ერთი პატარა ნიუანსი შეიძლება რომ დაგეხმაროთ. ნუ გამოიყენებთ ავტომობილს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გარეთ გადიხართ. მაგალითად, თუ თქვენ გიწევთ ახლომახლო მდებარე რაიმე დაწესებულებაში წასვლა, დაფიქრდით, უმჯობესი ხომ არ იქნება ამისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენოთ, ან სულაც ფეხით გიასეირნოთ. ასეთი ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ დიდ ფინანსებს დაგიზოგავთ.

გააკეთეთ ეკონომია კომუნალურ გადასახადებზე. ბუნებრივია იკითხოთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. ყველაფერი ძალზე მარტივია. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დატოვოთ ჩართული ელექტროენერგია ისეთ ადგილებში, სადაც ეს საჭიროებას არ წარმოდგენს. არ დატოვოთ გახსნილი წყლის ონკანი ან გაზი ანთებული იმაზე დიდი დროით ვიდრე გესაჭიროებათ. შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ეს ყველაფერი დიდ გავლენას არ ახდენს თქვენ ბიუჯეტზე, თუმცა მომდევნო თვეში, როდესაც მიიღებთ ინფორმაციას მიმდინარე კომუნალური გადასახადების შესახებ, დარწმუნდებით, რომ ხარჯი საკმაოდ დიდი შეიძლება რომ იყოს.

ბევრი ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი საკმაოდ მისაღები და შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, მაინც გაუგებარია რატომ უნდა იფიქრონ ხარჯების დაზოგვაზე და რაიმე სახის ფინანსური რეზერვის შექმნაზე. ეკონომიის გაკეთება, პირველ რიგში ნიშნავს სწორად მართოთ თქვენი ფინანსური დანახარჯები, დადოთ სწორი გარიგებები და შედეგად გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები.