არავისთვის უცხო არ არის, რომ ყველაზე ცხელ თემებს საუბრისას რელიგია, ჯანდაცვა, პოლიტიკა და გარდაცვალება წარმოადგენს. თუმცა ამის საპირისპიროდ, არის თემები, რომლებზე საუბარიც პირიქით, ტაბუდადებულია და არც თუ ისე ბევრი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა მათზე. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება ფული. ის ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იმყარებს მოწინავე პოზიციას ტაბუდადებულ თემებს შორის. ბუნებრივია, ამის გათვალისწინებით დაინტერესება იმ მიზეზით რაც აღნიშნულ ფაქტს განაპირობებს საკმაოდ დიდია. ამიტომ, შევეცდებით თვალი გადავავლოთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და მოგაწოდოთ მოკლე და შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია თემის გარშემო.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს, სადაც არასოდეს საუბრობენ ფულზე: 1. განსხვავებული თაობები, რომელშიც უმეტესწილად მოაზრებენ მშობლებსა და შვილებს; 2. საჯაროდ, აქ გაერთიანებულია თითქმის ყველა ის გარემო, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ ადამიანებს ყოფნა; და 3. თანატოლები, აქ უმეტესწილად მეგობრები და კოლეგები იგულისხმება.

რამდენად ხშირად საუბრობთ თავად თქვენ ფინანსებზე? თუ ამ კითხვაზე დაფიქრდებით აღმოაჩენთ, რომ ფული, ნამდვილად ტაბუდადებული თემაა. თვით უახლოესი მეგობრებიც კი თავს არიდებენ ერთმანეთში ამ თემაზე საუბარს. არის ოჯახებიც, რომლებიც არასოდეს განიხილავენ ხმამაღლა ერთმანეთში ფინანსურ თემებს. ამაში გასაკვირი არაფერია. თუ ლოგიკურად მივუდგები საკითხს, არავის საქმე არ არის რამდენს გამოიმუშავებთ ან დააგროვებთ.

თუმცა მიზეზი მხოლოდ ამაში არ არის. ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბარს თავს იმ მიზეზით არიდებს, რომ ხშირად უბრალოდ დისკომფორტს განიცდიან იმის გამო, რომ შესაძლოს მათი მდგომარეობა გარშემომ მყოფებისთვის შესადარებელი გახდეს ვინმე სხვა ადამიანის მდგომარეობასთან. უხერხულობას ქმნის ის ფაქტორი, რომ შესაძლოა ადამიანთნა იმ წრეში, რომელთანაც ურთიერთობთ „ღარიბად“ ან პრიიქით „მდიდრად“ მიგიჩნიონ და ამან გავლენა იქონიოს მათ თქვენდამი დამოკიდებულებაზე.

*რეკლამა

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ფინანსებზე არ ლაპარაკობენ არის მათი ცხოვრების წესი. ზოგჯერ მიგვაჩნია, რომ კონრკეტულ სიტუაციაში არასწორი ნაბიჯი გადავდგით ფულის ხარჯვის თვალსაზრისით, და უბრალოდ არ გვსურს რომ ამის გამო, ვინმეს კრიტიკის ან სულაც რჩევა-დარიგების მოსმენა მოგვიწიოს. როგორც წესი, ადამიანებისთვის სხვისი საქციელის განსჯა საკმაოდ მიღებულია და ხშირად არც კი ვუფიქრდებით რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამან კონკრეტულ პიროვნებას, იქნება ეს მორალური თუ რაიმე სხვა სახის.

ზოგჯერ ადამიანებისათვის მიზეზი იმის, რომ არ განიხილავენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას არავისთან, მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი, არის ის, რომ წარსულში, ან შეიძლება აწმყოშიც კი, მათ ოჯახებში აღნიშნული თემა ტაბუდადებულ კატეგორიას განეკუთვნებოდა. ეს უმეტესწილად იმის გამო ხდება ხოლმე, რომ მშობლებს არ სურთ შვილებს თავზე მოახვიონ ოჯახური პრობლემები და ამ გზით მათ დაცვას ცდლობენ. ან სულაც იმიტომ, რომ არ სურთ შვილებმა თავი სხვა, მათ გარშემო მყოფ ბავშვებზე უკეთეს პირობებში იგრძნონ იმის გამო, რომ მათ ოჯახს უფრო მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს და ამის შედეგად, გაუაზრებლად, ვინმეზე აღმატებულად წარმოიდგინონ თავი.

თუმცა, ბოლო მოსაზრება საკმაოდ არასწორად არის მიჩნეული. მკვლევარებისა და ფსიქოლოგების აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს და უჯობესია ოჯახებში, ბავშვებთან ურთიერთობისას, მაქსიმალურად მალე დაირღვეს ფულთან დაკავშირებული ტაბუდადებული თემები. ყოველთვის უკეთესია, თუ დაარღვევთ სიჩუმეს და ესაუბრებით შვილებს თუნდაც იმ რისკებისა და შეცდომების შესახებ, რომლების წინაშეც თქვენ მოგიწიათ აღმოჩენა. ეს მათ აუცილებლად დაეხმარება დადებითი ჩვევების გამომუშავებაში.

გარდა ამისა, ამ თემის მკვლევარები მიიჩევენ, რომ სულაც არ არის აუცილებელი ყოველთვის გაჩუმდეთ, როდესაც თუნდაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ დაგისვამთ ვინმე კითხვას. თუკი თქვენ გვერდით მყოფი დაინტერესდება და გთხოვთ გაუზიაროთ მას თქვენი გამოცდილება, როგორ იღებთ ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ფინანსურ გადაწყვეტილებებს, შეგიძლიათ არ გაჩუმდეთ და გაუზიაროთ მას თქვენი მოსაზრება და პრაქტიკა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დეტალებში მოუყვეთ მას რა ოდენობის თანხები გაგაჩნიათ ან რამდენს ხარჯავთ და გამოიმუშავებთ ყოველთვიურად. მარტივად შეგიძლიათ გასცეთ პასუხი მხოლოდ თქვენი ბიუჯეტის პროცენტული ოდენობების მითითებით.