ფულის შენახვა და შეგროვება რთულია რამდენიმე მიზეზის გამო. ამ მიზეზებს თითზე ვერ ჩამოვთვლით, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალური პიროვნებაა და ყველას თავისი მიზეზი გააჩნია. ყველაზე ხშირად, ფულის ვერ შეგროვების მიზეზია შემოსავალსა და დანახარჯს შორის მკვეთრი განსხვავება ან სრული ბალანსი.ამაში იგულისხმება ის რომ ზოგჯერ ჩვენი შემოსავალი ჩვენს ყველა ხარჯს ვერ სწვდება, ან სრულიად ჰყოფნის ყველა ხარჯის გასტუმრებას და ჩვენ ხელში გვრჩება ნულოვანი ბალანსი. რაიმე სტრატეგიის და წინასწარ განსაზღვრული გეგმის გარეშე ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდება ფულის შეგროვება და თავისი სიტყვის შესრულება.

რატომ ვაგროვებთ ფულს? ყველას გვაქვს ჩვენი მიზეზი იმისათვის თუ რატომ ვაგროვებთ ფულს.ზოგს სურს რაიმე ახალი ნივთის შეძენა; საჩუქრის გაკეთება საყვარელი ადამიანისთვის ან ნებისმიერი ოჯახის წევრისათვის; სამოგზაუროდ წასვლა, რომლის თანხებსაც მთლიანად ვერ იხდის და ამიტომ აგროვებს ნაწილ-ნაწილ; სხვა საცხოვრებელ ბინაში გადასვლა და სხვა. მიზეზები მრავლობითაა და განსხვავდება პიროვნებების განსხვავებების მიხედვით.

ყველამ კარგად ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში დამატებით ფულად სახსრებს, შეგროვებულ ფულს და შავი დღისთვის მორჩენილ თანხას. წინდახედული პიროვნება, როგორც წესი დგამს ისეთ ნაბიჯებს რომლებიც დადებითად აისახება მის მომავალზე. აგროვებს ფულს, წინასწარ ადგენს საპენსიო ფონდის გეგმას, აქვს შემნახველი ანგარიშები ან უბრალოდ ყულაბა სახლში. წინდაუხედავი პიროვნება კი არ აგროვებს ფულს, შემოსავალს დათვლის გარეშე ხარჯავს და გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავს ისეთ მეთოდებს როგორებიც არის მეგობრისგან ფულის სესხება, მინი სესხები, სამომხმარებლო სესხები და სხვა. ამ მომსახურებას რა თქმა უნდა აქვს თავისი დადებითი თვისებები და თავისი სპეციფიკური ხასიათი, რის გამოც ისინი პოპულარულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა სანამ ვალდებულების აღებამდე მიხვალთ, ჯობს დაიწყოთ ფულის დაგროვება.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი ფულის შეგროვებისთვის არის ავტომატიზირებული დაგროვებითი ანგარიში რომელიც მიბმული იქნება თქვენს სახელფასო ბარათზე და ყოველ თვე, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის თანხას აიღებს თქვენი ხელფასიდან და დარიცხავს ამ დაგროვებით ანგარიშზე. ასეთი ტიპის სერვისი ნებისმიერ კომერციულ ბანკს გააჩნია და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მისი დადებითი თვისებებია: ავტომატიზირებულობა – თქვენ არ გიწევთ ყოველდღე იმაზე ფიქრი რომ ოდესღაც ჩასარიცხი გაქვთ ამ ანგარიშზე თანხა, არ გიწევთ ფიზიკურ ადგილას მისვლა იმისათვის რომ ეს თანხა შეიტანოთ ანგარიშზე; საპროცენტო სარგებელი – წლის ბოლოს, დაგროვებით ანგარიშზე გერიცხებათ წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო წილით სარგებელი რომელსაც ბანკი გიხდით მათთვის თქვენი სახსრების სესხებისთვის; თქვენთვითონ შეგიძლიათ დააწესოთ წინასწარ ყოველთვიურად შესატანი თანხა და ნელ-ნელა დააგროვოთ თუნდაც მინიმალური რაოდენობის სახსრები.

დაგროვების ყულაბა. ასეთი ტიპის სერვისი ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საქართველოს კომერციულ ბანკებში. დაგროვების ყულაბა, ჩემი ყულაბა, ჩემი ფულის ქილა და ა.შ. ყველანაირი სახელი ჰქვია ამ სერვისს,თუმცა მისი აზრი ყველგან ერთი და იგივეა და აი რაში მდგომარეობს იგი: ყულაბა მაგრდება თქვენს დაგროვებით ანგარიშს რომელიმე ბანკში და ნელ-ნელა იწყება ფულის დაგროვება. ყოველთვის როცა იხდით რაიმე პროდუქციის ან სერვისის საფასურს თქვენი საბანკო ბარათით, თქვენი ანგარიშიდან პროდუქციის საფასურის გარდა ჩამოიჭრება წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის თანხა (0,5 ლარიდან დაწყებული) და გადადის თქვენს ყულაბაში. ასეთი სახით შეგიძლიათ დააგროვოთ დღეში რამდენიმე ლარიც კი (გააჩნია რამდენად ხშირად ატარებთ სანბანკო ბარათს გადახდის ობიექტებში). ასეთი მეთოდის დადებითი თვისება არის ის რომ თქვენ თითქმის ყოველდღე წირავთ სულ პატარა რაოდენობის თანხას და წლის ბოლოს გიგროვდებათ იმდენი რომ საკმარისი იყოს ქალაქგარეთ დასასვენაბლად გასვლისთვის ან ახალი საოჯახო ტექნიკის საყიდლად.

ხურდა დაიტოვეთ თქვენთვის. ეს მეთოდი ჩვენი ბებიებისგან და პაპებისგან შემოგვრჩა. ხურდა ფული ზოგიერთი ჩვენგანისთვის ძალიან წვრილი ფულია და ზოგჯერ მნიშვნელოვანიც კი არ არის. დღეს მითუმეტეს, როდესაც ხურდაში 1 და 2 თეთრიანებიც კი შეიძლება დაგვიბრუნონ, ჩვენ მათ ფასეულობას ვერ ვხედავთ და გვიჩნდება გრძნობა მათი მოშორებისა. ზოგჯერ მაღაზიაშივე ვტოვებთ მათ, ზოგჯერ უბრალოდ ჩანთაში ვყრით და გვეკარგება და ა.შ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ერთი და ორი თეთრიც კი საკმაოდ დიდ თანხას გვაძლევს საბოლოო ჯამში. ეს მეთოდი ძალიან ძველია და საკმაოდ შედეგიანიც კი. გირჩევთ რომ შემდგომ, როდესაც ასეთ ხურდას დაგიბრუნებენ, მოკიდოთ ხელი და სახლში სპეციალურ ქილაში, ყუთში ან თუნდაც ლამაზ ყულაბაში შეინახოთ. დააცადეთ ერთი წელი და ნახავთ რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობის ფული მოგიგროვებიათ, შესაძლოა სამოგზაუროდ ვერ წახვიდეთ, თუმცა ფულს ტყუილად არ დაკარგავთ და ელემენტარულ ყოველდღიური საქმიანობისთვის მაინც გამოიყენებთ მას.

*რეკლამა

ბონუსები და პრემიები შემნახველ ანგარიშზე შეინახეთ. ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი იმისათვის რომ დიდი რაოდენობის თანხა მოაგროვოთ მცირე დროში. ხშირად, ბონუსები და პრემიები გვერიცხება დღესასწაულებზე, მაშინ როდესაც კომპანიის ბიუჯეტმა წლის ბოლოს პლუსებით დაამთავრა მუშაობა. ჩვენთვის ბონუსი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს უკვე არსებულ და მიჩვეულ შემოსავალზე და თუ კი აქამდე ძველი შემოსავლით ჩვეულებრივად ვცხორობდით, მაშინ არ გაგვიჭირდება ბონუსზე დროებით უარის თქმა და მისი სამომავლოდ გადადება. მაშინ როდესაც არ არსებობს ბონუსის ან პრემიის დახარჯვის აუცილებლობა, ყველაზე ჭკვიანური ქმედებაა რომ შეინახოთ ის შემნახველ ანგარიშზე, რათა გამოიყენოთ სამომავლოდ.

დაარქვით სახელი თქვენს შემნახველ ანგარიშს. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს თავის დანიშნულებას. მაშინ როდესაც თქვენს ანგარიშს ჰქვია სახელი “ჩემი ახალი სმარტფონი”, “ჩემი მომავალი ტელევიზორი”, “ბეტ ჰარტის კონცერტის ბილეთები” და სხვა, უფრო მარტივად წარმოდგება თქვენს თვალწინ მიზანი იმისა თუ რისთვისაც აგროვებთ ამ ფულს და შესაბამისად, მარტივიც ხდება თქვენი მხრიდან გულის დადება ამ საქმისთვის.

გამოიყენეთ “ქეშ-ბექ” საკრედიტო ბარათები. ქეშ-ბექ ნიშნავს იმას რომ რამდენჯერაც თქვენ გამოიყენებთ თქვენს საკრედიტო ბარათს, იმდენჯერ, დაგერიცხებათ დახარჯული თანხის 5%-მდე რაოდენობის თანხა თქვენსავე ანგარიშზე. ამ მეთოდს სიფრთხილე სჭირდება, გამომდინარე იქიდან რომ თვის ბოლოს საკრედიტო ვალდებულებების დაფარვა მაინც მოგიწევთ და ფრთხილად უნდა იყოთ რომ ძალიან დიდი რაოდენობის თანხა არ დაგეხარჯოთ დაგროვების მცდელობაში.

ფულის დაგროვება მოაქციეთ სავალდებულო გადასახადების კატეგორიაში – გადაუხადეთ საკუთარ თავს თანხა მომსახურების სანაცვლოდ. ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური მეთოდი. ყველაზე კარგად მაშინ ვასრულებთ დავალებას როდესაც ეს ვალდებულებაა ჩვენთვის. კომუნალური გადასახადები, სავალდებულო სამედიცინო გადასახადები, ყოველთვიური სადაზღვევო შენატანი და სხვა. ეს ყველაფერი არის ის სავალდებულო მომსახურების ფასი რაც ჩვენ ყოველ თვე უნდა გადავუხადოთ ამა თუ იმ ორგანიზაციას. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება ჩვენი თავი და ჩვენი მომსახურება. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მომსახრება ასე ნათლად არ ჩანს ჩვენივე თავისთვის, მაინც დასაფასებელია ეს ყველაფერი და ჩვენი ხელფასის დახარჯვა მხოლოდ სხვა კომპანიების ბიუჯეტში არ გამოდგება, ჩვენი ხელფასი ჩვენს თავსაც უნდა დავახარჯოთ. გახადეთ ფულის დაგროვება ვალდებულებად, მიუმატეთ კომუნალური გადასახადების რიცხვს და როდესაც გადაწყვეტთ რომ გადაიხადოთ თქვენი ხარჯები, თქვენს მიერ გაწეული მომსახურებაც გაითვალისწინეთ.

შექმენით ბარიერი თქვენს ფულსა და თქვენს შორის. დღეს ყოველივე ჩვენგანს აქვს მრავალმხრივი წვდომა ჩვენს საბანკო ანგარიშებზე.იქნება ეს ფიზიკურად, ინტერნეტის დახმარებით თუ მობილურის მეშვეობით, თითქმის წამებში შეგვიძლია დავხარჯოთ ფული ისე რომ ვერც კი გავაცნობიეროთ. ამის გამოსასწორებლად, შექმენით ბარიერები რომელიც ხელს შეგიშლით ბევრი ფულის დახარჯვაში. მაგალითად, დააწესეთ ყოველდღიური 10 ლარიანი ლიმიტი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომ ბევრი ფული არ დახარჯოთ ყოველდღიურად, ან ყოველთვიური ლიმიტი,რომ საბოლოოდ ფული დაგიგროვდეთ თვის განმავლობაში.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი ან მოიფიქროთ თქვენი ვარიანტი. მთავარია გააცნობიეროთ ფულის შეგროვების მნიშვნელობა რათა შემდგომში ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გადამრჩენები არ იყვნენ მინი კრედიტები, სამომხმარებლო სესხები, პირადი მსესხებლები და სხვა ტიპის სასესხო ვალდებულების გამცემი სერვისები. გაითვალისწინეთ რომ ყოველივე დაგროვების მეთოდს აქვს თავისი დადებითი და რაღაც მხრივ უარყოფითი თვისებებიც, მნიშვნელოვანია რომ მოარგოთ თქვენი სურვილები და მიზნები დაგროვების მეთოდს და გაჰყვეთ მას ბოლომდე.