ზოგიერთისთვის სესხი უარყოფით მოგონებებთან არის დაკავშირებული, ზოგს ეზიზღება და მის შესახებ არაფრის გაგონებაც კი არ უნდა, ზოგი სწრაფი სესხების მეშვეობით ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე, ზოგიც კი დადებითად არის განწყობილი სასესხო ვალდებულებებისადმი და გონივრულადაც იყენებს მათ. ლოგიკურია რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფინანსური დავალიანება უფრო ბედნიერად იცხოვრებს და უდარდელი იქნება, არ ექნება საფიქრალი იმაზე თუ საიდან იშოვოს იმდენი ფული რომ დაფაროს ვალი, ან რამდენი დრო აქვს დარჩენილი სანამ მევალეები დარეკვას დაუწყებენ და ა.შ. თუმცა, გონივრულად აღებული და კონსოლიდირებული ვალი საკმაოდ მარტივი სამართავია და სულაც არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. პირიქით, ზოგიერთისთვის ფინანსური ვალდებულება ეგრედ წოდებული შვებაა გამოუვალი მდგომარეობიდან. მაშინ როდესაც გარკვეული რაოდენობის ფრთხილად გადანაწილებული ვალი გვეხმარება გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს ფინანსურ მიზნებთან მიმართებაში, სასესხო ვალდებულებების რაოდენობა და მათი საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა უცბათ ისეთ რაოდენობაზე გაიზარდოს რომ ჩვენ თვითონ ვერ მოვახერხოთ მათი გამკლავება.

მათთვის ვინც წვალობს ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვინც საბანკო სესხებს სწრაფი სესხებით ფარავს და სწრაფ სესხებს საბანკო სესხებით, ძალიან რთულია გააკონტროლონ სიტუაცია და ხშირად არც კი იციან საიდანო დაიწყონ ამ სიტუაციის მოგვარება. როდესაც საქმე ეხება თქვენი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებას, მაშინ დროულად არის საჭირო თავი ხელში აიყვანოთ და თქვენი ფინანსები თქვენ თვითონ გაანკონტროლოთ და არა პირიქით – ფინანსებმა გაკონტროლონ თქვენ. დასაწყისისთვის გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე რჩევა:

ნაბიჯი 1. გაუწიეთ თქვენს ფინანსებს ორგანიზება და დაგეგმეთ თქვენი ნაბიჯები.

დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:

  • რამდენი ვალი გაქვთ?
  • ვისგან გაქვთ ვალი?
  • რა რაოდენობის თანხა გმართებთ თითოეულ მევალესთან?
  • რა რაოდენობის თანხის შეტანა გიწევთ მევალის ანგარიშზე ყოველთვიურად?
  • რა რაოდენობის საპროცენტო განაკვეთი აქვს თითოეულ სასესხო ვალდებულებას?
  • რა თარიღამდე გაქვთ ვალის გადახდის საშუალება?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგეხმარებათ შექმნათ უფრო ნათელი და ზოგადი წარმოდგენა თქვენი ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ამ ყველაფრის ფურცელზე, ვიზურალურად ნათლად წარმოსადგენ ადგილას აღრიცხვა, ან კომპიუტერში, საკუთარ მონაცემთა ბაზაში შეყვანა ხელს შეუწყობს მთლიანი სურათის და თქვენი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის აღქმას. გაარკვევთ რამდენი ვალი გაქვთ კომერციულ ბანკებთან, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან, გაქვთ თუ არა სწრაფი სესხების პრობლემა და ა.შ.

ნაბიჯი 2. კონცენტრირება მოახდინეთ ყველაზე პატარა ვალდებულებებზე ან იმ სესხებზე, რომლებსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააჩნიათ.

ერთდროულად რამდენიმე სასესხო ვალდებულების გადახდა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებს შორის გახვეული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება თითქმის წარმოუდგენელი ჩანს ერთი შეხედვით, კომერციული ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, სწრაფი სესხები, ყველაფერი ერთდროულად როდესაც აწვება ადამიანს კისერზე, ამას მისთვის სტრესის და ზედმეტი დანახარჯების მეტი არაფერი მოაქვს.

გამომდინარე თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან, ჯობს მეტი კონცენტრაცია მოახდინოთ სათითაოდ ვალდებულებებზე, ანუ ჯერ დაფაროთ ერთი ვალი, შემდეგ მომდევნო, ამის შემდეგაც მომდევნო და ა.შ. რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის რომ ყველა ვალს ერთდროულად ვერც დაფარავთ, თუმცა ახლა ასარჩევია ყველაზე მალე დასაფარი ვალები.

ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა მცირე ვალების დაფარვა. მაგალითად გაქვთ ბანკის სამომხმარებლო სესხი 1500 ლარამდე, ან სწრაფი სესხების მომსახურებით ისარგებლეთ 500 ლარამდე, ან პირადი მევალისგან გაქვთ მცირე რაოდენობის თანხა აღებული. ასეთი სესხების დაფარვის მეთოდი გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგების გასუფთავებაში, მცირე წვრილმანების მოშორებით გრჩებათ დიდი, მასიური საკითხები მოსაგვარებელი, რომლებსაც უფრო დიდი დროის დათმობა სჭირდება. ეს მეთოდი არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისათვის რომ დაიწყოთ თქვენი ცხოვრება ვალების გარეშე და მოგცეთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც წაგახალისებთ რომ ბოლომდე გაჰყვეთ ამ პროცესს და თქვენი პასუხისმგებლობების ერთგული გახდეთ. ამის შემდეგ, ის თანხა რაც აქამდე პატარა სესხებისა და დიდი სესხების ერთდროულად დაფარვას ხმარდებოდა, შესაძლებელია მთლიანად მოხმარდეს თქვენს დიდ და რთულად მოსაშორებელ ფინანსურ ვალდებულებებს.

*რეკლამა

მეორე სტრატეგია გულისხმობს იმ ფინანსური ვალდებულების გადახდას, რომელსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. ასეთი ტიპის სესხების ყველაზე დიდი მინუსი ის არის რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ მის გადახდას, მით უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევს, მით უფრო იზრდება დამატებითი ფულის რაოდენობა და ფაქტიურად ახალი ფინანსური ვალდებულება გემატებათ. ასეთ შემთხვევაში, სესხი, რომელიც ითხოვს დიდი საპროცენტო განაკვეთის გადახდას მოშორებული გექნებათ და შეგეძლებათ წყნარად, ყოველთვიურად იხადოთ თქვენი დარჩენილი პატარა ზომის ვალები.

იდეალური სტრატეგია ამ ნაბიჯისთვის დამოკიდებულია თქვენი სესხების რაოდენობასა და ზომაზე, ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დაწესებულებიდან გაქვთ მიღებული ასეთი ვალდებულება. კომერციულ ბანკში საკრედიტო ოფიცრებისგან შესაძლებელია გარკვეული შეღავათი მიიღოთ და გადახდის ვადა ცოტათი გაწელოთ, სწრაფი სესხები სწრაფად დასაფარია და კომერციული ბანკებისგან განსხვავებით საკრედიტო ოფიცრის დახმარება აქ ვერ გიშველით, ინდივიდუალურ მსესხებელთან სხვაგვარად შეიძლება შეთანხმება და ა.შ. თქვენივე პრეფერენციებიდან გამომდინარე, აირჩევთ თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტულ ფინანსურ ვალდებულებას და დაიწყებთ მისი დაფარვით, შემდგომ კი გაჰყევით თქვენსავე გეგმას.

ნაბიჯი 3. გაესაუბრეთ თქვენს კრედიტორებს

არცერთ ორგანიზაციას არ უნდა კლიენტისთვის ზარალის მიყენება, მათი ფულისგან დაცარიელება და წვალება. ეს ყველაფერი მათთვის უარყოფითი რეპუტაციის განმაპირობებელია და თითოეული მათგანი ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს ასეთ შემთხვევებს თავი. მეტიც, პრობლემური მსესხებლებისთვის და მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი კლიენტებისთვის სპეციალური სამსახურებიც კი არსებობს.

ცდა ბედის მონახევრეაო ამბობენ და ღირს მევალესთან, მის წარმომადგენელთან ან თქვენს კრედიტ ოფიცერთან გასაუბრება თქვენი ვალის დაფარვის პრობლემის თაობაზე. ჯობს იყოთ გულახდილი მათთან, აუხსნათ სიტუაცია რომ რამდენიმე ვალი გაქვთ ერთდროულად და თქვენი შემოსავალი ვერ სწვდება ამდენი ვალის ერთდროულად დაფარვას. იმის მაგივრად რომ თავი აარიდოთ თქვენი კრედიტორების ზარებს, დაემალოთ ბანკის წარმომადგენლებსა და ეცადოთ დრო გაიყვანოთ რომ თქვენს მიერ აღებული სწრაფი სესხები გაუქმდეს და დაძველდეს, ჯობს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საქმეს და დახმარება სთხოვოთ თქვენი მევალე ორგანიზაციის წარმომადგენლებს. თქვენი მევალე შესაძლოა წამსვლელი იყოს ისეთ ნაბიჯებზე რომლებიც თქვენ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალშიც განმეორდება ასეთი შემთხვევა. მიღებული შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და სანამ დრო და საშუალება გაქვთ დაფაროთ ვალდებულებები.

ნაბიჯი 4. კონსოლიდაცია

სესხის კონსოლიდაცია ნიშნავს სხვა სამომხმარებლო სესხის აღებას, იმ რაოდენობით რომ სრულად დაფაროთ თქვენი მცირე, სხვადასხვა ორგანიზაციაში გადანაწილებული ფინანსური ვალდებულებები. წარმოიდგინეთ გაქვთ 4 სხვადასხვა ვალდებულება სხვადასხვა ორგანიზაციაში. აიღეთ მცირე რაოდენობის სამომხმარებლო ვალი კომერციული ბანკიდან, მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან, გაქვთ მიღებული სწრაფი სესხები და იხდით განვადების გადასახადს. მთლიანობაში ეს თანხა შეადგენს 2000 ლარს და თითოეულის ცალ-ცალკე გადახდა გიწევთ, სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და მათი ვადებიც იწურება. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას რომ მოახდინოს ვალდებულებების კონსოლიდაცია და ნაცვლად იმისა რომ გადაიხადოს 4 ვალი ცალ-ცალკე, იღებს ერთ დიდ ვალს რომელიმე საბანკო დაწესებულებაში, სრული ვალების თანხის ტოლფასს (ჩვენს შემთხვევაში 2000 ლარს) და ფარავს თავის არსებულ ვალდებულებებს. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი ვალი, გადასახდელი თანხის რაოდენობა ისევ იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენიმე ვალი არ არის მიმოფანტული, არამედ ერთ დიდ ვალდებულებად არის კონსოლიდირებული და უფრო მარტივად გაკონტროლებადია.

თუმცა რა თქმა უნდა, ვალის კონსოლიდირება იმას არ ნიშნავს რომ მოიშორეთ ყველა ვალი და თავისუფლად შეგიძლიათ ყოფნა. ვალის კონსოლიდირება არის უბრალოდ მეთოდი იმისათვის რომ გაგიმარტივოთ თქვენი ფინანსური ვალდებულებების დაფარვის პროცესი, თქვენ ვალი მაინც გაქვთ, უბრალოდ ახლა მისი გაკონტროლება უფრო მარტივია.

ფინანსური ვალდებულების განულება, ვალიდან ამოსვლა არც იოლია და არც მხიარული პროცესი. ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგება ნებისმიერი პირისთვის პირველი მნიშვნელობის საკითხად უნდა იდგეს ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს. ფინანსები პირველ რიგში მოქმედებს ჩვენი ცხოვრების სტილზე, ჯანმრთელობასა და სხვა წვრილმანებზე რაც ხდის ცხოვრებას საინტერესოს. დიდი რაოდენობის ვალდებულებებ კი სტრესის გარდა არაფერი მოაქვთ, შესაბამისად, მაშინ როდესაც ადამიანს ესაჭიროება დახმარება, არ უდა თქვას ამაზე უარი. გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები, დააორგანიზეთ თქვენი ვალდებულებები და ფინანსური მდგომარეობა, დააგეგმარეთ თქვენი პრეფერენციები და მაშინ როდესაც იგრძნობთ რომ უფრო მეტი დახმარება გჭირდებათ, იცოდეთ რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და საშველი ყოველთვის მოიძებნება.