ადამიანების უმეტესობა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ცდილობს დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება. პირველ ყოვლისა ეს საკუთარი საცხოვრებელი კუთხით გამოიხატება ხოლმე.

ბუნებრივია, საკმაოდ ბევრ ჩვენგანს აქვს სურვილი საკუთარი ბინა ჰქონდეს, თუმცა ეს არც თუ ისე ადვილია იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების შესაძენად თანხის შეგროვებას ცოტა დრო არ სჭირდება. იმ ადამიანების რიცხვი კი, ვისაც ისეთი შემოსავალი აქვს, რომ უპრობლემოდ შეუძლია სასურველი ბინის შეძენა, მცირეა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? ან რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს თუ მყარად გადაწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა გააგრძელოთ ცხოვრება? გამოსავალი რა თქმა უნდა ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. მითუმეტეს თუ თქვენ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ. მოკლედ გადავავლოთ თვალი ყველა შესაძლო გამოსავალს და შევადაროთ ისინი ერთმანეთს.

პირველ რიგში, ზრუნვა უძრავი ქონების შეძენაზე, შეგიძლიათ დასაქმების პირველივე დღიდან დაიწყოთ ბანკში შესაბამისი ვადიანი თუ მოთხოვნამდე ანაბრის გახსნით. სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ასეთი გზით იწყებენ თანხის შეგროვებას სასურველი ბინის შესაძენად. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერთან ერთად ასეთი მეთოდით თანხის შეგროვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

*რეკლამა

ყველაზე სწრაფი გამოსავალი, შესაძლოა, თანხის სესხება იყოს. დღეისათვის საქართველოში საბანკო სექტორთან ერთად, საკმაოდ დიდია იმ ფინანსური დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ სესხს უძრავი ქონების შესაძენად. თუმცა, სანამ ამ მიზნისათვის თანხის სესხებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, მისაღებია თუ არა თქვენთვის ყველა ის პირობა, რომელსაც კომპანიები გთავაზობენ, ხომ არ შეიცავს ის ისეთ რისკებს, რომელმაც შეიძლება ძალიან უარყოფითად იმოქმედონ თქვენს მომავალ ფინანსურ და ზოგადად სოციალურ მდგომარეობაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ ბინის სესხით შეძენას, მოკლედ გაგაცნობთ იმ პროცედურებს, რომელთა გავლაც აუცილებლად დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ კრედიტორების თითქმის 100%, აუცილებლად მოითხოვს სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის საგანს, რაც კონკრეტული შემთხვევისთვის იქნება თქვენ მიერ შესაძენი უძრავი ქონება. ამის შემდეგ, შესაბამისი საკრედიტო ექსპერტი შეაფასებს ქონების, რის საფუძველზეც მოხდება იმ საკრედიტო ლიმიტის დადგენა თქვენთვის, რასაც აკმაყოფილებს უზრუნველყოფის საგანი. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენოთ მხოლოდ აღნიშნული ლიმიტი.

თუ თანხის სესხებას ბანკიდან გადაწყვეტთ, აუცილებლად მიექცევა ყურადღება თქვენს არსებულ საკრედიტო ისტორიას, რომელიც პირველ რიგში დადებითი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის ალბათობა, რომ უზრუნველყოფის წარდგენის შემთხვევაშიც კი უარი მიიღოთ სესხზე, საკმაოდ დიდია.

გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს შეიძინოს სასურველი ბინა, თუნდაც სესხად აღებული თანხით, არის სხვა გამოსავალიც, რომ დაიწყოთ დამოუკიდებლად ცხოვრება. ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი რომ აიღოს კრედიტი თუნდაც ქონების შესაძენად, ამჯობინებს მოძებნოს მისთვის ხელსაყრელი ბინა, რომლის დაქირავებასაც შეძლებს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა გარკვეული პერიოდისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდით ქირაში, ფაქტობრივად უმიზნოდ დახარჯული იქნება თქვენთვის, რადგან ასე ვერ შეძლებთ საკუთრების უფლების მიღებას. თუმცა, პლუსად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტორი, რომ თუ თქვენ, გარკვეული პერიოდით, დაიქირავებთ ბინას, შეგეძლებათ თუმდაც მცირეოდენი თანხის შეგროვება სამომავლოდ საკუთარი ქონების შესაძენად.

ბინის შეძენის და ქირაობის შემთხვევაშიც თქვენ საშუალება გეძლევათ დაიწყოთ დამოუკიდებლად ცხოვრება და აღარ იყოთ დამოკიდებული თქვენს მშობლებსა და ოჯახზე. თუმცა, ბუნებრივია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე, უმჯობესი იქნება კარგად აწონ-დაწონოთ, რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველაზე მისაღები თქვენ კონკრეტულ სიტუაციაში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ბევრი თანმდევი რისკი, რაც შეიძლება ახლდეს ნებისმიერ მათგანს. მაგალითად: თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეძლებთ სესხის თანხის გადახდას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან როგორც წესი, უძრავი ქონების შესაძენად განკუთვნილი სესხები საკმაოდ ხანგრძლივი ვადით გაიცემა, უმჯობესია თავი შეიკავოთ თუნდაც გარკვეული პერიოდით ფულის სესხებისგან. ნაკლები რისკია ქირის შემთხვევაში. თუ რაიმე თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვეღარ შეძლებთ თანხის გადახდას, ყოველთვის გაქვთ საშუალება უარი თქვათ ფართის დაქირავებაზე და საცხოვრებლად თუნდაც მშობლებთან გადახვიდეთ.