როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება და ის გარკვეულ ასაკს აღწევს, მშობლები ცდილობენ მისი სხვადასხვა დადებითი ქმედება წაახალისონ. თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვებს არ შეწევთ უნარი დამოუკიდებლად გაიაზრონ, როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული ჯილდო, კარგი იქნება თუ მშობლები და ახლობლები დაეხმარებიან მას, მიაწვდიან იდეებს და ასწავლიან როგორ დაზოგოს და შეინახოს არსებული ფინანსები ბევრად უფრო ხელსაყრელი და სასურველი დროისათვის.

სათქმელად ადვილია, თუმცა განხორციელება გაცილებით რთული. იმისათვის, რომ მცირედით მაინც გაგიადვილოთ საქმე, გთავაზობთ რამოდენიმე გზას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებისათვის ფულის შენახვის საჭიროების სასწავლებლად.

დასაწყისისათვის აუცილებელია ყველაფერი მიაწოდოთ ისე, რომ ეს სახალისო იყოს ბავშვისათვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რაც ადვილად გასაგებია მოზარდისათვის, თითქმის გაუგებარი შეიძლება იყოს შედარებით პატარა ასაკში. ამიტომ, თვალი გადავავლოთ ორივე შემთხვევაში როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ.

თუ თქვენი ბავშვი პატარა ასაკის არის, დასაწყისიდანვე სასურველია არ გამოიყენოთ ფული, როგორც წახალისების მეთოდი. უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ე.წ. კუპონებს, რომლების გამომუშავების საშუალებასაც მისცემთ მას კარგი საქციელისათვის. შემდგომში კი დაგროვებული კუპონებით შესაძლებლობა ექნება უყუროს მისთვის სასურველ გადაცემას, მიიღოს გარკვეული ოდენობის ტკბილეული და ასე შემდეგ, აქ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია და ბავშვის ინტერესები თავად შეაჯეროთ. ნებისმიერი ნივთი, რაც შეიძლება ბავშვისათვის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს, შეაფასეთ კუპონებად და დააკარით შესაბამისი ფასი, რაც მოტივატორი გახდება მისთვის, რომ დააგროვოს რაც შეიძლება მეტი მისთვის სასურველი ნივთისათვის. გააკეთეთ მისთვის მიზნების ხე, რომელსაც სახალისო სახეც ექნება და ამავდროულად დაეხმარება თქვენ შვილს დაგეგმოს, რა ოდენობის კუპონების შეგროვება ჭირდება და რა უნდა მოიმოქმედოს, რომ მიაღწიოს სასურველ მიზანს და მიიღოს ნივთი.

დაახლოებით 5 წლის ასაკიდან, შეგიძლიათ ნელ-ნელა ცაანაცვლოთ კუპონები ნაღდი ფულით. თუმცა, ეს არგულისხმობს ძირითადი პრინციპის შეცვლას. გამოიყენეთ იგივე მეთოდი და კუპონის ნაცვლად შეფასება მოახდინეთ რეალური ფულით. ეს საშუალებას მისცემს ბავშვს ეტაპობრივად გამოიმუშაოს უნარი, რომელსაც თანხის შეგროვება ქვია. და ამას ის დროთა განმავლობაში უკვე ჩვევად ჩამოიყალიბებს და საჭირო აღარ იქნება სხვადასხვა მეთოდების შერჩევა.

*რეკლამა

ასაკის მატებასთან ერთად ზემოთხსენებული მეთოდიც დაკარგავს თავის აქტუალურობას. ამას პირველ რიგში ბავშვის ინტერესების ცვლილება დაედება საფუძვლად. ის რაც მისთვის სახალისო იყო 6 ან 7 წლის ასაკში, დღეს უკვე სულაც აღარ არის საინტერესო და მიმზიდველი. ამიტომ, დამატებით შემოგთავაზებთ სხვა იდეებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მოზრდილ ასაკში.

თუ თქვენი ბავშვი საკმაოდ დიდია იმისათვის რომ ადვილად შეძლებთ ანაბრის მნიშვნელობა, საუკეთესო გამოსავალია მასთან ერთად წახვიდეთ და გახსნათ მის სახელზე შემნახავი ანაბარი. ამასთანავე აუხსენით, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა აღნიშნულ ანგარიშზე და შემდგომში გამოიყენოს უფრო დიდი მიზნებისათვის.

იმისათვის, რომ ფულის შეგროვება ცოტაოდენ სახალისო და საინტერესო გახდეს ბავშვისათვის, დაეხმარეთ მას ჩამოწეროს თავისი სურვილები და მიზნები, რომლისთვისაც შემდგომში შეძლებს დაგროვებული თანხის გამოყენებას. თუ მას ეცოდინება ღირებულება, რა ოდენობის თანხა დაჭირდება მიზნის მისაღწევად, შეგროვება ბევრად უფრო საინტერესო გახდება მისთვის.

კარგი იქნება თუ ამასთანავე პერიოდულად ესაუბრებით მას ფინანსებთან დაკავშრებით. თუ არ გაქვთ სურვილი რომ თქვენი ანაზღაურების შესახებ მოუყვეთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენ გეგმებზე. მაგალითად: როგორ აპირებთ თანხის დახარჯვას, როგორ გათვლებს აკეთებთ სანამ ხარჯვას დაიწყებთ, რა უნდა იყიდოთ აუცილებლად, როგორ იხდით კომუნალურ გადასახადებს და სხვა.

ასწავლოთ თქვენ შვილებს ფულის დაგროვება, სულაც არ არის სათაკილო და უარყოფითი ქმედება თქვენი მხრიდან. ყოველდღიური მცდელობებით თქვენ საშუალებას მისცემთ მას გამოიმუშავოს ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც მისთვის უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავლის გარანტია შეიძლება გახდეს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია თქვენ შვილებთან მოიქცეთ ისე, როგორც გსურთ, რომ მოიქცნენ ისინი მომავალში. თუ თქვენ დაანახებთ მათ როგორ აგროვებთ თანხას გარკვეული მიზნებისთვის და როგორ ისახავთ სამომავლო გეგმებს, ბავშვი აუცილებლად გაიმეორებს ამას მომავალში.